სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაპატიმრება, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში მას ხელს უწყობენ, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.